რობ ბაქსტერი: იმედია, აქ რაღაც ძალიან დიდს მიაღწევს (Video)

მომავალი სეზონიდან ინგლისის პრემიერ ლიგაში ორი ქართველი მორაგბე იასპარეზებს. ბრისტოლის ღირსებას მესამეხაზელი ლუკა ივანიშვილი დაიცავს, შერკინების ბურჯი ბაჩუკი ჭუმბაძე კი, ექსტერ ჩიფსის პირველ ხაზს გააძლიერებს.
ექსეტერი ინგლისის სამხრეთ დასავლეთში პატარა, სტუდენტური ქალაქია. იქ მრავლადაა ძველი კათოლიკური თუ პროტესტანტული ეკლესიები. ამ ქალაქის სარაგბო გუნდი ინგლისურ ელიტას ბოლო ათი წელიწადია ორგანულად შეერწყა.
აქაურ კოლეჯში ქართველი მეორეხაზელი ლაშა ჯაიანი სწავლობდა და თამაშობდა. პირველი პროფესიული კონტრაქტი კი, ექსეტერ ჩიფსთან შერკინების ბურჯმა ნიკა აბულაძემ გააფრომა, რომელმაც ამ გუნდში 2023-24 წლების სეზონში ითამაშა.
ამჯერად, აბულაძის კვალს 23 წლის პირველხაზელი ბაჩუკი ჭუმბაძე დაადგა.
„ძალიან მომწონს ინგლისური რაგბი და მიხარია, რომ საშუალება მაქვს ექსეტერის საკვანძო მოთამაშე გავხდე.
კარგად მესმის, რა მნიშვნელოვანი როლი ენიჭებათ მორკინალებს გუნდის სათამაშო სისტემაში. მოუთმენლად ველი ჩემს დებიუტს პრემიერ ლიგაში.“ - თქვა ექსტერის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ კომუნიკეში ბაჩუკი ჭუმბაძემ.
გაცილებით ენაწყლიანი გამოდგა ჭუმბაძეზე საუბრისას ამ კლუბის მთავარი მწვრთნელი რობ ბაქსტერი:
„მოხარულნი ვართ, რომ ბაჩუკიმ კონტრაქტი გააფრომა და ჩვენთან ვარჯიშობს. ის ახალგაზრდა მორაგბეა, რომელსაც დებიუტი საერთაშორისო არენაზე ახლახან ჰქონდა. საგულისხმოა, რომ როს მაკმილანი ყურადღებით აკვირდება მის კარიერას მას შემდეგ, რაც საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებში ითამაშა. ცხადი იყო, რომ ბაჩუკი შავ ლომსა და ეროვნულ ნაკრებში პროგრესს განიცდიდა.
ის ერთ-ერთია იმ ახალგაზრდა მორაგბეებიდან, რომლებსაც იმედით ვუყურებთ. ის ძალიან დინამიურია ღია თამაშში, ეფექტურია შერკინებისას. ვფიქრობთ, ის თავისი შესაძლებლობების წარმოჩანეს შეძლებს.
სეზონის წინ სტანდარტული მდგომარეობების დამუშავებაზე ვიმუშავებთ. გვინდა დავხვეწოთ შერკინებაში გუნდის თამაში. გვსურს, რომ მან ჩვენთან ერთად წარმატებას მიაღწიოს. ის ერთ-ერთია იმ ახალგაზრდა ბიჭებიდან, რომელთა პოტენციალიც უსაზღვროა. ამიტომ, ჩვენ უბრალოდ უნდა მივცეთ მას ბეჯითად შრომის შესაძლებლობა და, იმედია, აქ რაღაც ძალიან დიდს მიაღწევს.“ - დასძინა რობ ბაქსტერმა.
ექსეტერი ინგლისის ჩემპიონატის პირველ მატჩს 28 სექტემბერს, სტუმრად გამართავს ნორსჰემპთონთან.
გამოხატე ემოცია






