ბრისტოლში ლუკა ივანიშვილის თავგადასავალი დაიწყო (Video)

საქართველოს ნაკრების მესამეხაზელი ლუკა ივანიშვილი მომავალ სეზონს ინგლისურ ბრისტოლში გაატარებს. როგორც, ამ კლუბის ოფიციალური ვებ გვერდი გვაცნობს ის უნივერსალია და მესამე ხაზში ყველა პოზიციაზე შეუძლია თამაში.
ლუკა ივანიშვილს ბრისტოლში ძალიან თბილად დახვდნენ და მას მცირე ვიდეო რგოლიც მიუძღვნეს. 23 წლის ქართველ მორაგბეს ეროვნულ ნაკრებში 23 კეპი აქვს მოხვეჭილი. შავ ლომში 30 მატჩი გამართა და 11 ლელო გაიტანა.
ივანიშვილის დებიუტი ეროვნულ ნაკრებში 2022 წელს შედგა. მან 2023 წლის მსოფლიოს თასზე იასპარეზა. ნაკრების ბოლო მატჩში სამხრეთ აფრიკის ნაკრების წინააღმდეგ თავის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ნათქვამია კლუბის მიერ გავრცელებულ კომუნიკეში
პეტ ლამი, ბრისტოლის მთავარი მწვრთნელი: “
ლუკა ახალგაზრდა, მძლავრი, მრავალმხრივ განვითარებული მესამეხაზელია. მას უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია და შეუძლია ჩვენს მესამე ხაზში კონკურენცია გაზარდოს.
ის კომფორტულად გრძნობს თავს როგორც ფლანკერის, ისე ფრთისა და შემკვრელის პოზიციაზე. უყვარს ფიზიკური ორთაბრძოლები, განსაკუთრებით დაცვისას და რაკიდან ბურთის ამოღლეტვის დროს.
მას გამარჯვება სწყურია და მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, განაგრძოს თავისი თამაშის განვითარება და გაუმჯობესება, ამიტომ ჩვენ აღფრთოვანებულები ვართ, რომ მას ჩვენს ოჯახში ვუმასპინძლებთ.”
ლუკა ივანიშვილი: “მოხარული ვარ, რომ ბრისტოლთან კონტრაქტი გავაფორმე და ინგლისის პრემიერ ლიგაში ვითამაშებ. ეს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო შეჯიბრებაა.
ვესაუბრე პეტ ლამს, რომელმაც მიამბო თავისი ხედვებისა და კლუბის ამბიციებზე. კლუბის ინფრასტრუქტურა დავათვალიერე და მივხვდი, რომ ეს იდეალური ადგილია ჩემი კარიერული ზრდისთვის”.
ბრისტოლი ინგლისის ერთ-ერთი სარაგბო ცენტრია. ამ კლუბში ამჟამად თამაშობენ ინგლისის ნაკრების შერკინების კვაჭი ელის გენგე, სამოელი სტივენ ლუატუა, ფიჯელი ვილიამე მატა, არგენტინელი სანტიაგო გრონდონა, ირლანდიელი კირან მარმიონი, აშშ-ს ნაკრების მგეზავუი ალან მაკინტი და ინგლისის ნაკრების გარემარბი გაბრიელ იბიტოი.
ბრისტოლი ინგლისის ჩემპიონატის პირველ მატჩს 28 სექტემბერს შინ გამართავს ლესტერ ტაიგერზთან.
გამოხატე ემოცია






