U16 | საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტზე გამოსვლა დაასრულა

თბილისში მიმდინარე 16-წლამდე ევრობასკეტის A-დივიზიონში საქართველოს ნაკრებმა დღეს ბოლო მატჩი გამართა და მე-11 ადგილისთვის ბრძოლაში რუმინეთი 88:84 დაამარცხა.
ტურნირის დაწყებამდე, ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ნიკა ბურჯანაძემ ლიდერსპორტთან საუბარში აღნიშნა, რომ მიზანი ელიტურ დივიზიონში დარჩენა იყო. ამისთვის საჭირო იყო, რომ მინიმუმ მე-13 ადგილზე გავსულიყავით. საქართველოს ნაკრებმა დასახული გეგმის მიხედვით შარშანდელი მიღწევა გააუმჯობესა და ისტორიაში ასაკობრივ ევრობასკეტებზე საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.
ნიკა ბურჯანაძის შეგირდებმა ჯგუფურ ეტაპზე (ესპანეთი,გერმანია,სერბეთი) წარუმატებელი თამაშის შემდეგ, მერვედფინალი ლატვიასთან დათმეს და თავისთვის ყველაზე მნიშვნელოვან (მე-9 | მე-16) ადგილებისთვის ბრძოლაში გადაერთვნენ.
საქართველოს ნაკრებმა სუპერ დრამატულ მატჩში ისრაელი დაამარცხა და სწორედ ამ გამარჯვებით შეინარჩუნა A-დივიზიონში ადგილი. შემდეგ საბერძნეთთან დავმარცხდით.
დღეს კი, ტურნირის ბოლო თამაში რუმინეთთან გავმართეთ და საშინაო ევრობასკეტი გამარჯვებით დავასრულეთ. შეხვედრა კარგად დავიწყეთ, მეტოქეს პირველი ორი მეოთხედი დამაჯერებლად მოვუგეთ და დიდ შესვენებაზე 10-ქულიანი ფორით გავედით. ჩვენი “აქილევსის ქუსლი” მესამე მეოთხედი კვლავ მძიმე გამოდგა და რუმინელებმა სხვაობა 4 ქულამდე შეამცირეს, ხოლო ბოლო პერიოდის შუაში პირველად გავიდნენ წინ. ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში ჩვენი ბიჭები არ გატყდნენ, კონცენტრაცია მოიკრიბეს და შეხვედრა გამარჯვებამდე მიიყვანეს.
მატჩის დასრულების შემდეგ, რუმინელებმა ქართველ კალათბურთელებს პროვოკაცია მოუწყვეს და საჩხუბრად გამოიწვიეს. მცირე კონფლიქტი მალევე განიმუხტა.
დღევანდელ შეხვედრაში 23 ქულით ლუკა ფოჩხუა იყო საუკეთესო. 15 ქულა ჰქონდა ბესო გიგაურს. 13-13 ქულა დააგროვეს საბა პატაშურმა და აკმალხან აუბაკიროვმა. 10- ქულიან ნიშნულს კი დავით ტრაპაიძეც (11) გადაცდა.
ასე და ამგვარად, ელიტურ დივიზიონში ადგილი შევინარჩუნეთ. თბილისში მიმდინარე კონტინენტის პირველობა ლიეტუვისა და სერბეთის ფინალური მატჩით დასრულდება.
გამოხატე ემოცია






