"არმანს შანსს არ მივცემ - მასთან ბრძოლას მირჩევნია ქამარი დავთმო" - თოფურია

ილია თოფურია მსუბუქი წონის მოქმედი ჩემპიონია. ქართველმა მებრძოლმა მეორე ტიტული გასულ თვეში, ჩარლზ ოლივეირას დამარცხებით მოიპოვა. ბრძოლის დასრულებისთანავე, განხილვის საგანი თოფურიას მომდევნო მეტოქე გახდა - პრეტენდენტებად გეიჯი, პიმბლეტი და ცარუკიანი მოიაზრებოდნენ. მათ სიასი, ბოლო ივენთის შემდეგ, მაქს ჰოლოუეიც შეემატა. საქმე ისაა, რომ გამოკვეთილი კანდიდატურა არ ჩანს - თითოეულ მათგანის ირგვლივ არის მოცემულობა, რაც მათ სატიტულო შანსს ხელს უშლის. თავად ილიამ, პედისთან ბრძოლის სურვილი ოქტაგონზევე გამოთქვა, თუმცა დენას ეს აზრი არ მოეწონა. ცარუკიანი მახაჩევთან ჩახსნის გამო "დასჯილია", პედი კი რეიტინგში საკმაოდ დაბლაა.
გუშინ, მატადორთან სტუმრად ცნობილი იუთუბ არხი, NELK BOY-ს იყო. მათ ილიასთან ერთად ერთი დღე პირდაპირ ეთერში გაატარეს. ამ დროის მანძილზე ილიამ ბევრი საინტერესო რამ თქვა, თუმცა გულშემატკივრების ყურადღება განსაკუთრებით არმან ცარუკიანზე საუბარმა მიიქცია. ილიამ ხაზი გაუსვა, რომ ის არ აპირებს შემდეგ ქამრის დაცვა ცარუკიანის წინააღმდეგ გამართოს:
"როცა ამხელა შრომას დებ მომზადებაში და შენს წინ არის კაცი, რომელიც დიდი შანსია ბრძოლიდან ჩაგეხსნას, კარგი ნამდვილად არ არის. "ო, წელი ამტკივდა..." - ძმაო, არ მაინტერესებს, მიზეზები არავის აინტერესებს. ისინი ცარუკიანს სატიტულო ბრძოლამდე კიდევ ერთ ბრძოლას მისცემენ, იმიტომ რომ სხვაგვარად არ გამოვა. მე, როგორც მსოფლიოს ჩემპიონი, მას შანს არ მივცემ - თუ ეს მოხდა, მირჩევნია ქამარი ვაკანტურად გამოვაცხადო - შემდეგ შეუძლია აიღოს, ისე ამას არ გავაკეთებ"
ილიას ამ განცხადებას ცარუკიანი მალევე გამოეხმაურა:
"წარმოიდგინეთ, თავს ჩემპიონი უწოდო და უკვე გასაქცევად გზებს ეძებდე. შეგიძლია ვაკანტურად გამოაცხადო ან მე თვითონ წაგართმევ. ორივე შემთხევაში, ქამარი ჩემი გახდება"
გამოხატე ემოცია






