ევრობასკეტის მოსამზადებელ ეტაპზე - საქართველო პოლონეთთან დამარცხდა

აგვ 17, 2025 - 03:10
 1
ევრობასკეტის მოსამზადებელ ეტაპზე - საქართველო პოლონეთთან დამარცხდა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები კონტინენტის პირველობაზე პირველ მატჩს ზუსტად 2 კვირაში (ესპანეთთან) გამართავს. დღეს, ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა მოსამზადებელ ეტაპზე მე-4 ამხანაგური მატჩი გამართა. ლიეტუვასთან, ისრაელთან და ესტონეთთან მარცხის შემდეგ.

(ვრცლად)

საქართველოს

ნაკრები პოლონეთს სოსნოვიეცში ესტუმრა და კიდევ ერთი მატჩი დათმო 89:94.

ალეკსანდარ ჯიკიჩმა წინა მატჩებისგან განსხვავებით, პოლონეთთან განსხვავებული ხუთეული დააყენა. საქართველოს ნაკრების რიგებში საწყისი წუთებიდან : სანდრო მამუკელაშვილი, გიორგი კორსანტია, კამარ ბოლდუინი, კახა ჯინჭარაძე და გოგა ბითაძე გამოჩნდნენ. (შეგახსენებთ, რომ თორნიკე შენგელიამ რამდენიმე დღის წინ შეკრება დატოვა და გუნდს 1 კვირაში შეუერთდება.)

მატჩის სტარტზე თამაშიდან ქულების აღება არ გამოგვდიოდა და მხოლოდ საჯარიმოს ხაზიდან ვაგდებდით ბურთს. ნავსი გოგა ბითაძემ გატეხა, რომელმაც დაცვაში ბრწყინვალე თამაშის და ეფექტური დაფარების შემდეგ შეტევაში თავი პერიმეტრიდან გამოიჩინა. ასევე პერიმეტრიდან კარგად ითამაშა პარკეტზე რამდენიმე წამის შესულმა ბექა ბურჯანაძემ. ჯიკიჩმა მეოთხედის ბოლოს შემადგენლობა მთლიანად გადაახალისა. ამჯერად 3-ქულიანის ნიშნულიდან დუდა სანაძემ იყოჩაღა, მანამდე კი საჯარიმო სროლებიც გამოიყენა. ასევე კარგად ჩაერთო თამაში საქართველოს ნაკრების უცვლელი წევრი, გიორგი შერმადინი. მეოთხედის ბოლოს საჭირო ქულები აიღეს ბექა ბურჯანაძემ და რატი ანდრონიკაშვილმა. პირველი 10 წუთი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით, 26:25 დასრულდა.

მეორე მეოთხედი ორივე გუნდმა აქტიურად დაიწყო. პირველ სამ წუთში მათ 6-6 ქულა გაცვალეს და პირველი ტაიმაუტიც პოლონელების მხრიდან ვიხილეთ. სურათი არც წუთშესვენების შემდეგ შეცვლილა. ჩვენდა სასიხარულოდ, ქულებს მარტივად ვიღებდით და შეტევაში “საწუწუნოდ” საქმე არ გვქონდა, თუმცა პოლონელებიც ფეხდაფეხ მოგვყვებოდნენ, რაც იმას ნიშნავს რომ დაცვაში ხარვეზები მაინც გვქონდა. მეტოქის უკანახაზელებთან ერთი ერთზე თამაში ნამდვილად გვიჭირდა. მეორე მეოთხედის ბოლოს ქულების აღება დაიწყო ჩვენმა ნატურალიზირებულმა უკანახაზელმაც. კამარ ბოლდუინმა ჯერ 2-ქულიანი ჩააგდო, ხოლო შემდეგ პერიმეტრიდან იყოჩაღა. მაინც უნდა ვთქვათ, რომ ეს არ არის ბოლდუინის შესაძლებლობების მაქსიმუმი და კამარი ევრობასკეტზე აუცილებლად საუკეთესო ფორმაში უნდა იყოს.

საბოლოოდ, მეოთხედის ბოლოს სანდრო მამუკელაშვილმაც ჩააგდო 3-ქულიანი და პირველი ტაიმი 51:43 მოვიგეთ. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, ჩვენი “მაღლების” კარგი თამაში. გოგა ბითაძე პარკეტის ორივე მხარეს შეუდარებელი გახლდათ, მას სათადარიგო სკამიდან კარგად ცვლიდა გიორგი შერმადინი. ასევე კარგად მოქმედებდნენ ბექა ბურჯანაძე და გიორგი კორსანტია. შედეგიანი ტაიმი გამოუვიდა დუდა სანაძეს და სანდრო მამუკელაშვილს. ასე და ამგვარად, დიდ შესვენებაზე დამაკმაყოფილებელი შედეგით გავედით.
მეორე ტაიმი მეტოქის 5:0 გაქცევით დაიწყო, მაგრამ პოლონელებს მალევე ანდრონიკაშვილის “პლიუს ერთით” ვუპასუხეთ. სამწუხაროდ, მესამე მეოთხედის დასრულებამდე 6 წუთით ადრე, პოლონელები წინ გავიდნენ და გოგა ბითაძეს მე-4 პერსონალური ჯარიმა მიაღებინეს. თუ პირველ ტაიმში ქულებს მარტივად ვიღებდით, მესამე მეოთხედში უკვე შეტევაში ხარვეზს ვუმატეთ და მთელი მეოთხედის განმავლობაში მხოლოდ 15 ქულა ჩავაგდეთ. ამით რა თქმა უნდა, პოლონელებმა ისარგებლეს და პირველი ტაიმის წაგების შემდეგ, გადამწყვეტ პერიოდში უკვე 2-ქულიანი უპირატესობით შევიდნენ 68:66.

გადამწყვეტი მეოთხედი გიორგი ოჩხიკიძის კარგი შესვლით და 2 ქულით დავიწყეთ, მაგრამ პოლონელებმაც მალევე ანალოგიური კომბინაციით გვიპასუხეს. საჭირო დროს ათამაშდა ჩვენი კიდევ ერთი უკანახაზელი, რატი ანდრონიკაშვილი. რატიმ დაცვაში კარგ თამაშს შეტევაში ჩაჭრა და 6 ქულა დაუმატა.

მატჩის დამთავრებამდე 7:27 წუთით ადრე საქართველოს ნაკრები უკვე ჯარიმების ლიმიტში იყო, რითიც პოლონელები უპირატესობაში აღმოჩნდნენ. შეხვედრა ძალიან საინტერესო და დაძაბული გამოდგა, რადგან მთელი მეორე ტაიმი გუნდები ქულა-ქულაში მიდიოდნენ. პოლონელებმა რამდენჯერმე ცადეს გაქცევის მოწყობა, მაგრამ ჯერ ანდრონიკაშვილმა შეუშალა მათ ხელი შემდეგ კი, შერმადინმა. თამაშის დასრულებამდე 5:21 წუთით ადრე პარკეტზე ყველაზე უსიამოვნო ფაქტი ვიხილეთ. სათამაშო ეპიზოდში ანდრონიკაშვილმა კოჭი დაიზიანა და სათადარიგო სკამისკენ ექიმების დახმარებით გავიდა. ჯერჯერობით ტრავმის სიმძიმე უცნობია…
რატის მაგივრად შეხვედრაში ბურჯანაძე ჩაერთო, რომელმაც მაშინვე 2-ქულიანი ჩააგდო და მეტოქესთან ჩამორჩენა 1 ქულამდე შეამცირა 79:80.
სამწუხაროდ, ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში პოლონელებმა 5:0 გაქცევა გააკეთეს და მატჩის დასრულებამდე 2:13 წუთით ადრე 7 ქულით გაგვისწრეს. ჯიკიჩმა ტაიმაუტი აიღო, რომლის შემდეგაც მამუკელაშვილმა 3-ქულიანი ჩააგდო, მაგრამ პოლონელებმაც პერიმეტრიდან გვიპასუხეს. სანდრომ კიდევ ერთი შეტევა აიღო თავის თავზე და ამჯერად 2 ქულა ჩააგდო.
ბოლო წუთებში პოლონელების კარგმა თამაშმა შედეგი გამოიღო და გამარჯვებაც მასპინძლებს დარჩათ. დღევანდელ შეხვედრაში ორი განსხვავებული ტაიმი ვიხილეთ. პირველმა ტაიმმა ოპტიმიზმის საფუძველი ნამდვილად დაგვიტოვა, მაგრამ მეორე ნახევარში შეტევაშიც და დაცვაშიც უამრავი შეცდომა დავუშვით. განსაკუთრებით მესამე მეოთხედში ვერ შევძელით კომფორტული უპირატესობის შენარჩუნება და გაზრდა. სამუშაო, რომ ბევრია კიდევ ერთხელ გამოჩნდა მაგრამ დრო უფრო და უფრო ცოტა რჩება. კონტინენტის პირველობა სულ რაღაც 13 დღეში აიღებს სტარტს. საკუთარ ფარში ბევრ ბურთს ვიღებთ, ხოლო გადამწყვეტ მომენტებში შეტევაში ქულების დაგროვება გვიჭირს. პოლონეთთან პირველი ტაიმი და თამაშის ხარისხი მისაღები გახლდათ, მაგრამ მეორე ტაიმი რბილად, რომ ვთქვათ უკეთესის იმედს ტოვებს.ასე და ამგვარად, ალეკსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილმა გუნდმა კიდევ ერთი სპარინგ მატჩი დათმო.

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები 28 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით კვიპროსში, ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზებს სადაც: ესპანეთის, იტალიის, საბერძნეთის, კვიპროსისა და ბოსნია&ჰერცოგოვინის ნაკრებებს დაუპირისპირდება. საუკეთესო ოთხეულში და პლეი ოფში გასვლის შემთხვევაში კი, (რისი დიდი იმედიც გვაქვს) ასპარეზობას ლატვიაში, კერძოდ რიგაში განაგრძობს. მანამდე კი, 21 აგვისტოს კიდევ ერთ ამხანაგურ შეხვედრას ჩეხეთთან გავმართავთ.

PHOTO : GBF

გამოხატე ემოცია

Like Like 0
Dislike Dislike 0
Love Love 0
Funny Funny 0
Angry Angry 0
Sad Sad 0
Wow Wow 0