დავით ნინიაშვილი: ტიტულების მოგება მინდა

საქართველოს ნაკრების უკანახაზელი და ერთ-ერთი ლიდერი დავით ნინიაშვილი ფრანგული კლუბის, ლა როშელის შემადგენლობაში მომავალი სეზონისთვის ემზადება. ის ამ კლუბში ლიონიდან გადაბარგდა. მომდევნო ოთხ წელიწადს ნინიაშვილი სწორედ ლა როშელში გაატარებს.
კლუბის ოფიციალურ ვებ გვერდზე დავით ნინიაშვილზე პუბლიკაცია გამოქვეყნდა. გთავაზობთ ამონარიდს.
“საქართველოს ნაკრების წევრი დავით ნინიაშვილი გუნდს ლიონიდან შეუერთდა. 23 წლის უკანახაზელი ლა როშელში ჩასვლისა და ამ ახალი გამოწვევისადმი მისი ამბიციების შესახებ საუბრობს.
მრავალმხრივი და კრეატიული
დავით ნინიაშვილი უნივერსალია, რომელიც საქართველოში, ხვამლიში ვარჯიშობდა. მას შეუძლია თამაში როგორც ფულ ბეკის, ასევე გარემარბის ან თუნდაც მგეზავის პოზიციაზე, დავით ნინიაშვილი ნამდვილი ბრილიანტია. ახალგაზრდა, ნიჭიერ ქართველ მორაგბეს ეროვნულ გუნდში 40 კეპი აქვს მოხვეჭილი, უკვე ოთხი სეზონია ფრანგულ ელიტაში თამაშობს, 73 მატჩი ჩაატარა და ლიონთან ერთად ჩელენჯ კაპი მოიგო.
ახალი თავგადასავალი
დ.ნ: „საფრანგეთში თამაშის შესაძლებლობა ლიონმა მომცა. იქ ოთხი წელიწადი გავატარე და გადავწყვიტე კარიერა ლა როშელში გამეგრძელებინა, რომელიც ევროპის ორგზის ჩემპიონია. ეს შესანიშნავი კლუბია, რომელსაც ყველგან პირველობა სურს, იქნება ეს ტოპ 14 თუ Investec Champions Cup... და ეს ასევე ჩემი ოცნებაა. როდესაც ლიონთან ერთად მოვიგე ჩელენჯ კაპი , ძალიან ბედნიერი ვიყავი, რადგან ეს ჩემი პირველი მნიშვნელოვანი ტიტული იყო. ახლა, იგივეს გაკეთებას აქაც ვეცდები.“
თავდადებული მოთამაშე
დ.ნ: „ჩემთვის ზურგზე ნომერს მნიშვნელობა არ აქვს. მომწონს ყველა პოზიცია, მინდა გუნდისთვის ყველაფერი გავიღო, სადაც არ უნდა ვითამაშო. მინდა თამაში, ბურთის მიღება, აჩქარება - სულ ეს არის. ჩემს საქმეს იქ ვაკეთებ, სადაც მთხოვენ და სადაც საჭირო ვარ.“
ნაცნობებთან ჩამოსვლა
დ.ნ: „ჩემთვის აქ ჩამოსვლა ადვილი იყო, რადგან უკვე ვიცნობდი უილს, თომასს, ნოლანს... ეს, რა თქმა უნდა, მეხმარება. ნიკოლოზი სუთიძე და ალექსანდრ კუნთელიაც დამეხმარნენ ადაპტაციაში. მათ ქალაქის ცენტრი დამათვალიერებინეს და ამიხსნეს, თუ როგორ მუშაობს კლუბი. ეს ძალიან დამეხმარა.“
მიზანი? ტიტულების მოგება!
დ.ნ: „პირველ რიგში, მინდა ლა როშელის მაისური ჩავიცვა და რაც შეიძლება მეტი ვითამაშო. ჩემი მიზანია ყველაფერი გავაკეთო გუნდის დასახმარებლად. და მეორე, მინდა ტიტულების მოგება!“
ლა როშელის ოჯახი
დ.ნ: „როდესაც გასულ სეზონში ლა როშელის წინააღმდეგ ვთამაშობდი, უბრალოდ თავს შესანიშნავი ვგრძნობდი, რადგან სტადიონი სავსე იყო. მომწონს, როდესაც გულშემატკივრები გუნდს მხარს უჭერენ. ეს მათ მეტ ენერგიას მატებს. გუნდში თავს ოჯახის წევრად ვგრძნობ და ეს ძალინ მახარებს.“
გამოხატე ემოცია






